გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია

გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის  გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია.

სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა.

პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატების" და "მწვანეების" კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. 

რუსეთში მიაჩნიათ, რომ Nord Stream2-ი ექსპლუატაციისთვის მზადაა. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" შეუძლია გაზის ტრანსპორტირება და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა. 

სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. 

The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.